”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია დაარსდა 2013 წლის იანვარში
ასოციაციის ძირითადი მისია - საქართველოში კანის კიბოს მართვის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს: კანის კიბოს პრევენციას, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის დანერგვას და პოპულარიზაციას.
კანის კიბოს ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება მსოფლიო მაშტაბით. არსებული სტატისტიკის მიხედვით ყოველი მესამე სიმსივნის დიაგნოზი - კანის კიბოს დიაგნოზია. სამწუხაროდ საქართველო არ არის გამონაკლისი. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით 2005-2010 წლებში კანის ავთვისებიანი სიმსივნეების მაჩვენებლები წლიდან წლამდე იმატებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები სრულად არ ასახავს სურათს ქვეყნის მაშტაბით, რადგან რაიონებში მდგომარეობა ალბათ კიდევ უფრო სავალალოა. სამწუხაროდ კანის კიბოს პირველადი დიაგნოსტიკა ძირითადად ხორციელდება II, III და IV სტადიაზე, რაც მძიმედ აისახება სიცოცხლის ხარისხსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. ასოციაციის შექმნის და საქმიანობის ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს კანის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტიკას - კანის კიბოს სკრინინგის დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო პრევენციისთვის, არამედ დროული და ეფექტური მკურნალობისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
კანის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის კანზე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. სადღეისოდ, როგორც ბუნებრივი (მზის), ასე ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივება (სოლარიუმი) კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტომ მიიჩნია I კლასის კანცეროგენულ ფაქტორად, ანუ ფაქტორად აბსოლუტურად დადასტურებული უნარით - გამოიწვიოს კანის კიბო. თითქმის ყველა ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივების პერიოდული, არარეგულარული და ინტენსიური ზემოქმედება (განსაკუთრებით ბავშვობისა და ახალგაზრდა ასაკში) კანზე წარმოადგენს ძირითად გარეგან რისკ-ფაქტორს მელანომის განვითარებაში, ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედება (ულტრაიისფერი გამოსხივების საერთო კუმულაციური რაოდენობა) კი დაკავშირებულია კანის სხვა სიმსივნეების განვითარებასთან (ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა). ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება უდავოა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისთვის, კლიმატური პირობების (მზიანი დღეების წლიური რაოდენობის) გათვალისწინებით.
აღნიშნული პრობლემის აქტუალობა საქართველოს სინამდვილეში და მისი გადაწყვეტის სიახლე, რომელიც დერმატოსკოპურ კვლევაზეა დაფუძნებული და ასევე კანის კიბოს ხარჯ-ეფექტური სკრინინგის პროგრამის შემუშავება და დანერგვის რეკომენდაციის მომზადება, საქართველოს მასშტაბით წარმოადგენს ასოციაციის მთავარ მიზანს. ცხადია სასურველია პარალელურად შეიქმნას პაციენტთა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები (ელექტრონული ისტორიები) და მომზადდეს ე-რეგისტრი, რაც ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების შექმნის და განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიას შეესაბამება. სკრინინგი ზოგადად წარმოადგენს დაავადების ადრეულ, უსიმპტომო პერიოდში გამოვლენის მეთოდს; კანის კიბოს სკრინინგის დროს გამოვლენილი კანის სიმსივნე როგორც წესი (არა ყოველთვის) განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მისი ეფექტური მკურნალობის გაცილებით მაღალი შანსი არსებობს. სკრინინგის მიზანს წარმოადგენს ადრეულ სტადიაზე გამოვლენილ პაციენტებში კიბოს გვიანი სტადიების განვითარების შეჩერება და/ან კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირება.
ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები: